ნიკოლოზ სამხარაძე – ქვეყანაში არც პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და არც პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის, კონკრეტული მუხლითაა გასამართლებული
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.
მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის, გასამართლებულია კონკრეტული სისხლისსამართლებრივი მუხლით.
„ქვეყანაში არც პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და არც პოლიტიკური პატიმრები არსებობენ. გუნდისთვის მძიმე ფაქტია, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს კორუფციაში ედება ბრალი. შემიძლია, ვთქვა, ტრაგედიაც არის, როცა უმაღლესი თანამდებობის პირები ასეთი სახის დანაშაულში არიან ბრალდებული. თუმცა, გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ შეუძლია, ასეთი რამ აღიაროს და თქვას, კი ბატონო, დამნაშავეები ვართ, რაც მოხდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთოს, რათა მომავალში მსგავსი რამ აღარ მოხდეს“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.
შეგახსენებთ, 24 აგვისტოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინა.