ნიკოლოზ სამხარაძე - პუტინის სურვილია, ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადოს რუსეთის ნაწილად და შემდგომში ამ ტერიტორიებზე ნებისმიერი თავდასხმა ჩაითვლება, როგორც თავდასხმა რუსეთზე
ნიკოლოზ სამხარაძე - პუტინის სურვილია, ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადოს რუსეთის ნაწილად და შემდგომში ამ ტერიტორიებზე ნებისმიერი თავდასხმა ჩაითვლება, როგორც თავდასხმა რუსეთზე

პუტინის სურვილია, ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადოს რუსეთის ნაწილად და შემდგომში ამ ტერიტორიებზე ნებისმიერი თავდასხმა ჩაითვლება, როგორც თავდასხმა რუსეთზე, – ამის შესახებ „სიენენთან“ ინტერვიუში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„პუტინის სურვილია, რომ აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადოს რუსეთის ნაწილად, რუსეთის ტერიტორიად და შემდგომში ნებისმიერი თავდასხმა აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩაითვლება, როგორც თავდასხმა რუსეთზე, რაც თავისთავად მას, პუტინს საშუალებას მისცემს, რომ შეიარაღებული ძალებში მობილიზაცია გაზარდოს და ომიც კი გამოაცხადოს უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან ერთად, მას საშუალება მიეცემა, გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომელიც აქამდე არ გამოუყენებია“, – აღნიშნა სამხარაძემ.

„სიენენის“ ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა მსგავსი საქციელი აქამდეც გამოავლინა და საქართველო ამისი ნათელი მაგალითია. „თქვენ მოისმინეთ საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა რეაქცია რუსეთის ქმედებებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში და თქვენ ასევე მოისმინეთ საერთაშორისო საზოგადოების რეაქციები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩემი შეკითხვაა, იყო თუ არა საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საქართველოს შემთხვევაში საკმარისი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციასთან დაკავშირებით და რამდენად ფიქრობთ, რომ იმდროინდელმა საერთაშორისო რეაქციებმა ცალსახად წაახალისა რუსეთის შემდგომი ქმედებები, კერძოდ კი ის ქმედებები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, – აღნიშნა „სიენენის“ ჟურნალისტმა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სამწუხაროდ, 2008 წელს დასავლეთიდან და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებიდან არ იყო ადეკვატური რეაქცია რუსეთის ქმედებებთან მიმართებით, როდესაც რუსეთმა აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი ტერიტორიული ერთეულები.

„ამერიკასა და რუსეთს შორის ზუსტად ექვსი თვის თავზე, მას შემდეგ რაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება, დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა; იგივე შეგვიძლია, ვთქვათ რუსეთსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა რუსეთი წაახალისა. რეაქციის არარსებობამ რუსეთი წაახალისა შემდგომში უკვე უკრაინის ტერიტორიაზე მოეხდინა მსგავსი ქმედებები“, – განაცხადა სამხარაძემ.

„სიენენის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციები, კონკრეტულად კი ნატო-ს წევრი ქვეყნების რეაქციები იყო თუ არა გულუბრყვილო, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა: „გარკვეულწილად, მათი მიდგომა დიახ, იყო გულუბრყვილო. ჩვენ გვჯეროდა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთის ქმედებები სხვანაირი იქნებოდა და მისი დამოკიდებულება საერთაშორისო ასპარეზზე შეიცვლებოდა, თუმცა საპირისპიროდ ამ მოლოდინებისა, 90-იან და 2000-იან წლებში ჩვენ გვახსოვს, რუსეთი როგორ აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სახის სეპარატისტულ კონფლიქტებში. განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე, კერძოდ საქართველოსა და მოლდოვაში. ამიტომ, ჩვენ საქართველოში ნამდვილად გაოცებულები ვართ იმ გულუბრყვილობით, რომელიც დასავლეთის საზოგადოებამ გამოავლინა რუსეთის მიმართ, მიუხედავად ჩვენი არაერთი გაფრთხილებისა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.