ნიკოლოზ სამხარაძე - პრეზიდენტის მოწოდება ზედმეტად მეჩვენება, რადგან პარტნიორებმა იციან, რომ ჩვენი საზოგადოება პროევროპულია
ნიკოლოზ სამხარაძე - პრეზიდენტის მოწოდება ზედმეტად მეჩვენება, რადგან პარტნიორებმა იციან, რომ ჩვენი საზოგადოება პროევროპულია

ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და შეუძლია, გააკეთოს ის, რაც სურს. შეუძლია, ხალხს მოუწოდოს, შეუერთდეს ნებისმიერ მოწოდებას, რაც კანონის ჩარჩოში იქნება. თუ იქნება ევროინტეგრაციისთვის მოწოდება, კი ბატონო, შეუერთდნენ და ხელი მოაწერონ. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რა საჭიროა ამის გაკეთება, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ისედაც უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ კურსს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 20:00 საათზე ყველა შეიკრიბება და იტყვის, რომ საქართველოს მომავალი არ არის რუსეთში და არის ევროპულ ოჯახში.

„მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი პროევროპულია. ასეთი რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებშიც კი არ არის, ვინც ევროპული პოლიტიკისა და პროევროპულობის მომხრეა. ეს ყველაფერი ზედმეტად მეჩვენება, რადგან პარტნიორებმა იციან, რომ ჩვენი საზოგადოება პროევროპულია. თუ პრეზიდენტს ამის სურვილი აქვს, ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, რამდენად საჭიროა და შეიძლება სარგებლის მომტანი იყოს. თუ ამას რაიმე სხვა პოლიტიკური სარჩული აქვს, ეს ცალკე თემაა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.