ნიკოლოზ სამხარაძე - პრეზიდენტის განცხადებას კრიტიკად ვერ მივიღებ, რადგან არ მგონია, სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე იმდენი ინფორმაცია ჰქონდეს, რამდენიც მთავრობას
ნიკოლოზ სამხარაძე - პრეზიდენტის განცხადებას კრიტიკად ვერ მივიღებ, რადგან არ მგონია, სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე იმდენი ინფორმაცია ჰქონდეს, რამდენიც მთავრობას

პრეზიდენტის განცხადებას კრიტიკად ვერ მივიღებ, რადგან არ მგონია, სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე იმდენი ინფორმაცია ჰქონდეს, როგორც მთავრობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის შეშფოთება, რომ მთავრობამ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სესხი არ აიღო, შეიძლება, გასაზიარები იყოს, მაგრამ მმართველ გუნდს აქვს როგორც ფინანსური არგუმენტები, ასევე პოლიტიკური.

„არ გვეშინოდა, რომ სესხს რაიმე კრიტერიუმის არშესრულების გამო ვერ მივიღებდით. ეს იყო გამოწვეული იმით, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე სესხი არ სჭირდებოდა“, – დასძინა სამხარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და მისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია.

„გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, მოსახლეობის დიდი ნაწილისა და პირადად ჩემთვის, საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რის შემცირებასაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონიან ევროიანი, ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის სესხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

დატოვე კომენტარი