ნიკოლოზ სამხარაძე - პარტიამ საარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყო, მერობის კანდიდატებზე ჯერ არ გვიმსჯელია
ნიკოლოზ სამხარაძე - პარტიამ საარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყო, მერობის კანდიდატებზე ჯერ არ გვიმსჯელია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პარტიამ  წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყო. მისივე თქმით, მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელიათ.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტიამ დაიწყო საარჩევნო კამპანიისთვის მზადება, რა თქმა უნდა, ოფიციალურ დაწყებას თავისი ვადები აქვს. მერობის კანდიდატებზე ჯერ მსჯელობა არ დაწყებულა, ჯერ დაიწყო დაგეგმარება, როგორ უნდა გაიშალოს პარტია რეგიონებში და დაიწყოს წინასაარჩევნო სამზადისი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე, მერობის კანდიდატებს შორის ხომ არ იქნება კახა კალაძე, სამხარაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, იყოს.

ამასთან, სამხარაძე აცხადებს, რომ რეგიონებში გასვლა ოპოზიციის სტრატეგიას არ უკავშირდება, არამედ საკითხზე აქამდეც მსჯელობდნენ.

„არ უკავშირდება ამას საერთოდ, შეიძლება ასე აღიქმებოდეს, თუმცა არანაირად არ უკავშირდება, რადგან ეს საკითხი განხილული იყო მანამდეც და შევთანხმდით, რომ გაზაფხულიდან  დავიწყებთ ამას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, როგორც სამხარაძე აცხადებს, ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელიც მერობაზე იყრის კენჭს, ბუნებრივად იქნება მათი ოპონენტი.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელმაც შეიძლება იყაროს კენჭი მერობაზე, იქნება ოპონენტი. კონკრეტულად გიორგი გახარიამაც რომ იყაროს კენჭი, ის რა თქმა უნდა, იქნება ოპონენტი“, – განაცხადა სამხარაძემ.