ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო კარპატების ქვეყნების 32-ე კონფერენციაში. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„პარლამენტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში და რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ „საპარლამენტო დიპლომატიის როლი ევროპის უსაფრთხოებაში“ პანელზე სიტყვით გამოსვლისას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. მისი განცხადებით, რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას არამედ, საქართველოს და მთლიანად, ევროპის უსაფრთხოებას. ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოკუპაციის საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი.
„შეცვლილი უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ნატო-ს ჩართულობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს წევრობის დაჩქარება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის რადას წევრმა საქართველოს მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კარპატების ქვეყნების 32-ე კონფერენცია პოლონეთის სეიმის ორგანიზებით გაიმართა და მასში ევროპარლამენტის, პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვის, უნგრეთის, რუმინეთის და შვედეთის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.