ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციას ევროპული მომავალი თუ უნდა, იმ სამუშაო ჯგუფებში უნდა იმუშაონ, სადაც 12 პუნქტზე მიმდინარეობს მუშაობა
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციას ევროპული მომავალი თუ უნდა, იმ სამუშაო ჯგუფებში უნდა იმუშაონ, სადაც 12 პუნქტზე მიმდინარეობს მუშაობა

ჩვენი ოპოზიციისგან ევროპული მომავალი ისევე შორს არის, როგორც საქართველოსგან რუანდა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ რუანდაში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამ პროცესს ყველანაირად ხელი შეუშალონ.

„მათ ხელში საქართველოს არანაირი ევროპული მომავალი არ ექნება. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ ისინი არიან კანონის, მართლწესრიგის, ინსტიტუტების და ქვეყნის წინააღმდეგი იმ ქმედებებით, რაც მათ ბოლო ორ წელში ჩაიდინეს, ვგულისხმობ 2020 წლის არჩევნების შემდეგ პროცესებს. ამიტომ, ეს ყველაფერი ევროპასთან, დასავლეთთან თანხვედრაში არ მოდის. ეს „დიდებული„ გაერთიანებაა და „დიდებული„ პერსპექტივა აქვთ. მათი მთავარი ამოცანაა ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამ პროცესს ყველანაირად ხელი შეუშალონ. თუ ეს იყო მათი ამოცანა გაზაფხულზე, ეს არის შემოდგომაზეც და ეს იქნება მომავალი წლის გაზაფხულზეც. მათი ამოცანები არ იცვლება, უბრალოდ, სხვადასხვა ტაქტიკას მიმართავენ, რომ საზოგადოება გააცურონ და მოატყუონ, რომ თითქოს, ევროპული მომავლის გადასარჩენად იბრძვიან. თუ ევროპული მომავალი უნდათ, იმ სამუშაო ჯგუფებში უნდა იმუშაონ, სადაც 12 პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.