ნიკოლოზ სამხარაძე - ოპონენტებს შესაცვლელი აქვთ რადარები, ასევე კარვები, რომლებიც მოძველდა და უკვე საპროტესტო შინაარსიც აღარ აქვს, უბრალოდ, ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპონენტებს შესაცვლელი აქვთ რადარები, ასევე კარვები, რომლებიც მოძველდა და უკვე საპროტესტო შინაარსიც აღარ აქვს, უბრალოდ, ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპონენტებს მიმართა, რომ შესაცვლელი აქვთ რადარები და კარვები, რომლებიც მოძველდა და უკვე საპროტესტო შინაარსიც აღარ აქვს.

მისივე თქმით, ერთადერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დარბაზში შეკრებილი ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს უკავშირდება.

ნიკოლოზ სამხარაძემ ოპონენტებს მოუწოდა, ერთად ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობასთან, ერთობლივი ძალისხმევით გაატარონ ქმედითი საგარეო პოლიტიკა, თუმცა, დეპუტატმა აქვე განმარტა, რომ ეს მოწოდება არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც დღეს საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ჩართეს.

„მინდა, ჩვენს ოპონენტებს ვურჩიო და ვუთხრა, რომ მათი რადარები მოძველდა ან მწყობრიდან არის გამოსული. შესაბამისად, შესაცვლელი აქვთ რადარები, ისევე როგორც კარვები, რომლებიც ასევე მოძველდა და რომლებსაც უკვე არანაირი შინაარსი, არც საპროტესტო, ღარ აქვს, უბრალოდ, ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ.

ერთადერთი საკითხი, რომელზეც ალბათ ყველა აქ შეკრებილი პოლიტიკური პარტია ვთანხმდებით, არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მუდმივად ღიაა კონსტრუქციული წინადადებებისთვის და ახალი იდეა/შემოთავაზებისთვის.

ერთად ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, ერთობლივი ძალისხმევით გავატაროთ ქმედითი საგარეო პოლიტიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაძლო საფრთხეები და მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოცემულობა მშვიდობისა და სტაბილურობის სახით. თუმცა, ეს მოწოდება, რა თქმა უნდა, არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პოლიტიკური მდაბიოობის უმდაბლეს წერტილზე დაეშვნენ და საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ააჟღერეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისი პარტიის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს ამისთვის გაკიცხვა. ეს შემოთავაზება ამ ადამიანების მომართ არ არის გაჟღერებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.