ნიკოლოზ სამხარაძე – ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ

17:46, 07.10.2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაურუსა და საქართველოს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, საპარლამენტო დონეზე პირველი შეხვედრა შედგა.

სამხარაძის თქმით, არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ნაურუს ხელისუფლების ნაბიჯი, რომ მათ უკან წაიღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის.

„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეიძლება ითქვას, ეს იყო ისტორიული შეხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი შეხვედრაა, რომელიც ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე შედგა. ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ, რომ მათ უკან წაიღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის.

იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ ნაურუს. მართალია, ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელია მათი რაოდენობა, თუმცა რაოდენობას ამ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა აღიარებდეს უპირობოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამისთვის ჩვენ დაუღალავად ვიბრძვით და ყოველთვის ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი