ნიკოლოზ სამხარაძე - ნატო-ს მხრიდან მკაფიო განცხადებას ველოდებით, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას არ ექნება ვეტოს დადების უფლება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატო-ს გენერალური მდივან იენს სტონტერბერგს შორის ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ, ნატო-ს მხრიდან მკაფიო განცხადებას ველოდებით, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთს არ ექნება ვეტოს დადების უფლება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველოსთვის ნატო-ს წევრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია.
„ვხედავთ, რომ რუსეთი შანტაჟს მიმართავს და ნატო-ს აიძულებს, რომ უარი განაცხადოს იმ ჩანაწერზე, რომელიც 2008 წელს ბუქარესტში გაკეთდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ როგორც ჩანს, ამას ნატო-ს მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ ასეთი განცხადება გაკეთდება. მთავარია, რომ ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს და რაც შეიძლება მალე, ნატო-ს წევრებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ ნატო-ს წევრობაზე“, – განაცხადა სამხარაძემ.