ნიკოლოზ სამხარაძე - მზად ვართ, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ მუშაობა გავაგრძელოთ
მზად ვართ, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ მუშაობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„არაერთხელ განგვიცხადებია, რომ დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ მუშაობა შესაძლებელია, გაგრძელდეს. მზად ვართ, რომ დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ მუშაობა გავაგრძელოთ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც გაწერილია. მზად ვართ კიდევაც, რომ ამ დოკუმენტს ხელიც მოვაწეროთ, თუმცა როგორც ვიცით, მარტო ჩვენი ხელმოწერა ამას შეთანხმებად ვერ გადააქცევს. თუ ოპოზიციას აქვს რაიმე შენიშვნები დანიელსონის დოკუმენტთან და იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც გაწერილია და ისინი მზად იქნებიან, რომ ხელი მოაწერონ, ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტის მოდიფიცირებულ, ვარიანტსაც განიხილავს, მმართველი გუნდი ამაზე მუშაობისთვისაც მზად არის.
„დანიელსონის დოკუმენტი ის საბაზისო დოკუმენტია, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ვერსიად, რომელზეც ჩვენ ხელის მოწერაც შეგვიძლია. თუ ამის მოდიფიცირებულ ვერსიაზეც წამოვა ოპოზიცია ჩვენ მზად ვართ ამაზე მუშაობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა სამხარაძემ.