ნიკოლოზ სამხარაძე – მზად ვართ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ, პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე თუ გადავდებთ და ფაქტებით ვიმსჯელებთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება

15:39, 04.11.2026

ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერ თემაზე, მათ შორის კრიტიკულ თემებზე სასაუბროდ, დემონსტრაციებზე, არჩევნებში ჩარევაზე, გამჭვირვალობის კანონზე სასაუბროდ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, საუბარი უნდა შედგეს სამართლებრივი არგუმენტებით.

„მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები, რომელი მუხლი ან პუნქტი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს იქნება ჯანსაღი, სწორი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ჩვენსა და ევროკავშირს შორის სხვა დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს. ევროკომისიის ანგარიშშიც ნათლად ჩანს, რომ საქართველო ძალიან ბევრი მაჩვენებლით საკმაოდ წინ არის და გუშინაც კიდევ ერთხელ იქნა განცხადებული, რომ საქართველოს 90% აქვს შესრულებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების. ამაზე იმუშავა როგორც ფინანსთა სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ და სხვა სამინისტროებმა, ეს არის ვალდებულებების შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი. პოლიტიკურ მიზეზებს და პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე თუ გადავდებთ და ფაქტებით ვიმსჯელებთ, დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება. ყველას მოვუწოდებ, ორმაგი სტანდარტების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი