ნიკოლოზ სამხარაძე - მოსკოვში კარგად იციან, რომ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ერთადერთი გზა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა
ნიკოლოზ სამხარაძე - მოსკოვში კარგად იციან, რომ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ერთადერთი გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ლავროვი ამბობს, რომ საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალური ცხოვრება, მოსკოვი მზად არის ურთიერთობების აღსადგენად.

ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს რუსეთის მაღალი დონის წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესებს.

„უკანასკნელ ხანს ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე რუსეთის მაღალი დონის წარმომადგენლების განცხადებები საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ამ შემთხვევაშიც საარჩევნო კამპანია გახურებულია და ამ საარჩევნო კამპანიის დროს ასეთი განცხადება რუსეთის მთავარი დიპლომატისგან კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ამ დამთხვევას რაღაც საფუძველი ნამდვილად აქვს. გავიხსენოთ ნარიშკინის განცხადება, როდესაც საქართველოში ხელოვნური კრიზისი იყო, ახლა ეს განცხადება, როცა წინასაარჩევნო პროცესში ვართ. ვიცით, რა აქვს ოპოზიციას წინასაარჩევნო მესიჯად, ისინი საერთოდ არ დარდობენ არც ინფრასტრუქტურაზე, არც ბაღებზე, სკოლებზე, არც წყალმომარაგებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის, არამედ ისინი აქცენტს აკეთებენ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე და ა.შ. ამიტომ, ეს შეიძლება ერთგვარად ჩაითვალოს მათი მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევადაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი გზა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, მათ შორის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მოსკოვშიც ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ნორმალზებისთის არის ერთადერთი მნიშვნელოვანი გზა, ესაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, მათ შორის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. ამიტომ მცდელოები, რომ ისინი თითქოს მზად არიან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და ქართული მხარის მოედანზე ბურთის გადმოგდება – ესეც არახალია. ისინი 2008 წლიდან ხშირად მიმართავენ ხოლმე ამ ხერხს და ცდილობენ, პოზიტიური იმიჯი მოირგონ, თითქოს თვითონ მზად არიან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა ძალიან კარგად იციან, რის გამო ვერ ხერხდება ამ ურთიერთობების ნორმალიზება, ეს არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დატოვე კომენტარი