ნიკოლოზ სამხარაძე - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება განახლებული ენერგიით შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას
ნიკოლოზ სამხარაძე - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება განახლებული ენერგიით შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას

ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციურ ამოცანას და ქართველი ხალხის არჩევანს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება განახლებული ენერგიით შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ინსტიტუციურ დაახლოებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანა განაგრძობს გზას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ, რაც პირდაპირ ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციას და „ქართული ოცნების“ საპროგრამო განაცხადს, რაც გულისხმობს სტრატეგიულ მზაობას 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას“.

„მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ნიშნულზე გადავა და ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ მუხტს მისცემს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ გაწევრიანების წინა არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოსა და ნატო-ს შორის უკვე არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. რაც ბოლო წლებში ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია. მეათე მოწვევის პარლამენტი პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახავს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ამერიკის უფრო აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის და საქართველოს გეოსტრატეგიულ არეალში. საპარლამენტო დიპლომატია საკვანძო როლს შეასრულებს საგარეო ასპარეზზე საქართევლოს ეროვნული ინტერესების მიღწევაში. ამისთვის ჩვენ ყველა არსებულ მექნიზმს გამოვიყენებთ. მათ შორის საერთაშორისო და რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებსა და ორმხრივ ურთიერთობებში მეგობრიბის ჯგუფებს. მზარდი ანტიამერიკული და ანტიევროპული ისტერიის და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც ოპოზიციის ცალკეული ოდიოზური ლიდერები მიმართავენ, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც თავს პროდასავლურად მიიჩნევენ ეს კამპანია დაგმონ და შემოუერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილივას“, – განაცხადა სამხარაძემ.