ნიკოლოზ სამხარაძე -  მნიშვნელოვანია, რომ ნატო რუსეთის შანტაჟს არ ექვემდებარება და ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების თვალსაზრისით ბუქარესტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება
ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ნატო რუსეთის შანტაჟს არ ექვემდებარება და ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების თვალსაზრისით ბუქარესტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო რუსეთის შანტაჟს არ ექვემდებარება და ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების თვალსაზრისით ბუქარესტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება, რაც რუსეთის მთავარი ამოცანა იყო ბოლო პერიოდში.

როგორც საქართველოს პირველ არხს სამხარაძემ განუცხადა, ნატო-ს ლიდერების მხრიდან ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ მხოლოდ საქართველოს აქვს იმის უფლება, აირჩიოს ის, თუ რა გზით განვითარდება და რომელ ალიანსში გაწევრიანდება.

„მესამე მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს, ჩაერიოს ან შეიჭრას სხვა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, მას ძალიან დიდი ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამ გზავნილმა რუსეთი უნდა დააფიქროს, რადგან რუსეთის ეკონიმიკური მდგომარეობა დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთთან ვაჭრობაზე, განსაკუთრებით, დასავლეთისთვის ენერგომატარებლების მიწოდებაზე. აქედან გამომდინარე, ალბათ, რუსეთი დაფიქრდება, ეკონომიკური სანქციების მიღების შემთხვევაში, რამდენად უღირს ამ ნაბიჯების გადადგმა. პრაგმატული გათვლები მათაც აქვთ და თუ დასავლეთის მხრიდან მკაცრი პასუხი იქნება, დაფიქრდებიან, რამდენად უღირთ, ამ ნაბიჯის გადადგმა. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მხრიდან ასეთი გზავნილები გაკეთდა“, – განაცხადა სამხარაძემ.