ნიკოლოზ სამხარაძე - მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად
ნიკოლოზ სამხარაძე - მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტზე გამართულ დებატებში. სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„რუსეთს სურს შავი ზღვა გარდაქმნას შიდა წყლებად, სადაც მას ექნება მოქმედების სრული თავისუფლება. ეს გარემოება კი, თავისთავად, შეამცირებს სატრანზიტო პროექტების და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს და გაზრდის რუსეთის წვდომას რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ დერეფნებზე, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით პარტნიორებმა ევროპასა და აშშ-ში კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ თავიანთი წარმომადგენლობა რეგიონში და გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რომ წინ აღუდგნენ რუსეთის ოკუპაციას შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა და უკრაინაში.

„მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ არის – თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად რუსეთის ექსპანსიონიზმის და მისგან მომდინარე სხვა შესაძლო საფრთხეების შესაკავებლად იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება. მე მჯერა, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი