ნიკოლოზ სამხარაძე - კონტექსტი ცოტა ბუნდოვანი იყო და ვერ გავიგე, რატომ მოიხსენია ზელენსკიმ საქართველო ბელარუსთან ერთად
ნიკოლოზ სამხარაძე - კონტექსტი ცოტა ბუნდოვანი იყო და ვერ გავიგე, რატომ მოიხსენია ზელენსკიმ საქართველო ბელარუსთან ერთად

ვერ გავიგე, რა კონტექსტში მოიხსენია ზელენსკიმ ბელარუსი და შემდეგ საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე განაცხადა.

სამხარაძის შეფასებით, ზელენსკის განცხადების კონტექსტი ბუნდოვანი იყო.

„ჩემთვის ცოტა რთული გასაგები იყო, რას გულისხმობდა ზელენსკი თავის განცხადებაში. რეალურად, ვერ გავიგე, რა კონტექსტში მოიხსენია ბელარუსი და შემდეგ საქართველო. სჯობს, ვკითხოთ, რას გულისხმობდა, როცა ამას ამბობდა. ნატო-ში გაწევრიანებაზე თქვა, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ხედავს მკაფიო სიგნალებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. ის კონტექსტი, რაშიც საქართველო მოიხსენია, ცოტა ბუნდოვანი იყო. ამიტომ ვერ ვიტყვი, ეს კარგი ან ცუდი იყო. ვერ მივხვდი, რატომ იყო საქართველო ბელორუსთან ერთად მოხსენიებული. რაც შეეხება განცხადებას, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები, ვისაც ეს უნდა, ნატო-ში უნდა გაერთიანდნენ, ვეთანხმები. ახლო წარსულში შემთხვევები გვინახავს, როცა ზელენსკის განცხადებები საქართველოში „ნაცმოძრაობის“ განცხადებებს ემთხვეოდა. მათ შორის, გაიხსენეთ სააკაშვილის საკითხიც“, – განაცხადა სამხარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა, ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.