ნიკოლოზ სამხარაძე - ხშირად მეუფლება განცდა, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან ინფორმაციის გაზიარება არ შეიძლება, რადგანაც მეორე დღეს შესაძლოა, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ
ხშირად, ის განცდაც მეუფლება, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან იმ ინფორმაციის გაზიარებაც კი არ შეიძლება, რაც გვაქვს, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„იმიტომ, რომ მათ ეს მეორე დღეს შეიძლება, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ, ასეთ მეხუთე კოლონასთან მუშაობა გამორიცხულია, ხოლო რაც შეეხება კონსტრუქციულ ოპოზიციას, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ იმ დანარჩენ პარტიებთან, რომლებიც მოღალატეობრივ გზას არ ადგანან“, – განაცხადა სამხარაძემ.
ამ განცხადებით ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ვერ ხერხდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა ასეთი რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე განაცხადა, რომ არის ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას და სახელმწიფოს ზურგში ლახვარს არ სცემს და ამ მძიმე დროს თანამშრომლობა სურს, თუმცა, არიან რადიკალური ძალები, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“, რომლებმაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყველანაირი მორალური ზღვარი გადალახეს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
„ისინი ყველანაირად ცდილობენ, დააზიანონ როგორც ხელისუფლება, ისე შესაბამისად, სახელმწიფოც. ისინი არ ერიდებიან არც მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და არც ტყუილების ლაპარაკს, არც უკრაინულ და არც ქართულ მედიაში. უტიფრობის იმ ზღვარზეც კი მივიდნენ, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი უკრაინულ მედიაში საუბრობდა, საქართველო თურმე, შავ ხვრელებს უქმნის პუტინს, რათა მან უკრაინაში ბავშვები დახოცოს. როდესაც რადიკალურ ოპოზიციაში საქმე გვაქვს ასეთი ზნეობისა და მორალის ადამიანებთან, არანაირ ერთიანობაზე საუბარი არ იქნება. იმიტომ, რომ თუ მეორე მხარეს ერთიანობა არ უნდა, ეს ერთიანობა ვერ შედგება“, – განაცხადა სამხარაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად აქტიური კომუნიკაცია აქვს უკრაინულ მხარესთან საქართველოს ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც ელჩის გაწვევა მოხდა და უკავშირდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვის თემაზე ხელისუფლების პოზიცია მხოლოდ ოპოზიციის ინიაციატივას, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინულ მხარესთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, უკრაინის მხრიდან ზელენსკის საქართველოს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით სურვილი არ გამოთქმულა, ხოლო რაც შეეხება ელჩის გაწვევას, ოფიციალური თბილისისთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარი იყო, რადგან უკრაინას ელჩი არ გაუწვევია არათუ ნეიტრალური პოზიციის მქონე ქვეყნებიდან, არამედ ბელარუსიდან, საიდანაც უკრაინაზე პირდაპირი შეტევა მოხდა.
„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს უკრაინა ომშია ჩაბმული და ემოციური ფონი იქ შეიძლება, ძალიან მაღალი იყოს, ჩვენ მათ არ განვიკითხავთ და ველოდებით, რომ ძალიან მალე ბატონი დოლგოვი ისევ შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას და ეს გაუგებრობა ამოწურული იქნება“, – განაცხადა სამხარაძემ.
შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია, უკრაინამ ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილოს, რაც რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ წინაპირობად სახელდება და როგორ აისახება ეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ უკრაინის მხრიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადება უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან მძიმე იქნება.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, უკრაინაში საქმე აქამდე არ მივა. თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ ამაზე საუბარი უკვე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაიწყო, თავისთავად მიგვანიშნებს ვითარების სიმძიმეზე, რომელსაც ჩვენც ყოველდღიურად ვხედავთ, ხოლო რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, ამას არ ექნება საქართველოზე დადებითი გავლენა და პირიქით, უარყოფითი გავლენა ექნება. იმიტომ, რომ ჩვენ, საქართველო და უკრაინა ერთად ვიდექით ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.