ნიკოლოზ სამხარაძე - კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს არავინ, სამართლებრივ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს, ჯანმრთელობაზე კი ექიმები იმსჯელებენ, პოლიტიკოსების ჩარევა ზედმეტია
ნიკოლოზ სამხარაძე - კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს არავინ, სამართლებრივ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს, ჯანმრთელობაზე კი ექიმები იმსჯელებენ, პოლიტიკოსების ჩარევა ზედმეტია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს არავინ, მათ შორის არც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს: „მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს, გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში“.

სამხარაძის თქმით, სამართლებრივი საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია. ამავდროულად, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმები იმსჯელებენ და ამ საკითხში პოლიტიკოსების ჩარევა მიზანშეწონილი არ არის.

„გუშინ ამერიკელმა სენატორმა, ელიზაბეთ უორენმა თქვა, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა იყოს, თვით ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტიც. იმავეს ვიტყვი მეც – არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, თვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც. კანონის ფარგლებში რა მოქმედებაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ამას სასამართლო გადაწყვეტს. ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს. მის ჯანმრთელობაზე ექიმები იმსჯელებენ, ამ საკითხში კი პოლიტიკოსების ჩარევა ზედმეტია, მიზანშეწონილი არ არის, რადგან პოლიტიკოსთა ჩარევა ამ საკითხს უარყოფითი დინამიკისკენ ამოძრავებს. ზელენსკის განცხადება თუ საქართველოს საზოგადოების მიმართ თხოვნაა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც თხოვნა, მაგრამ ამ თხოვნას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. თუ ამ საფუძველს სასამართლო იპოვის, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანის ჰუმანიტარული მიზნებით გადაყვანისთვის საჭიროა, არსებობდეს ისეთი დიაგნოზი, რომელსაც საქართველოში ვერ უმკურნალებენ. შესაბამისად, ვიდრე ასეთი დიაგნოზი დასმული არ იქნება, ვერცერთი სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ადამიანის სამკურნალოდ გადასაყვანად. ამიტომ პოლიტიკოსების ჩარევა, მათ შორის ევროპარლამენტარების და სხვების, სრულიად უადგილო და ზედმეტია. ეს არის ექიმების გადასაწყვეტი. თუ იქნება ისეთი დიაგნოზი, რომ საქართველოში არ იკურნება, მაშინ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. თუ სასამართლოს არ ექნება საფუძველი, საზღვარგარეთ გაუშვას, მაშინ ვერ გაუშვებს. ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს. არცერთი ადამიანის პატიმრობაში ყოფნა ან არყოფნა ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის რომელიმე სტრუქტურაში, ამ შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ეს არ არის კონკრეტულ ერთ ადამიანზე დამოკიდებული. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რომელიმე ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.