ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიის სენატში ცალსახად და მკაფიოდ არის პოზიცია, რომ იტალია მიესალმება საქართველოს ევროკავშირში წევრობას და მხარს დაუჭერს ყველა ნაბიჯს
იტალიის სენატში შეხვედრა გაიმართა ვიცე-პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, იტალიური მხარე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები განვითარდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ასევე გამოიკვეთა რიგი მიმართულებების, რაც შეიძლება პრიორიტეტულად ჩაითვალოს – ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში თანამშრომლობა.
„ვისაუბრეთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე, იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით. იტალიის სენატში ცალსახად და მკაფიოდ იყო პოზიცია, რომ იტალია მიესალმება საქართველოს ევროკავშირში წევრობას და მხარს დაუჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მოლაპარაკებების დაწყება“, – განაცხადა სამხარაძემ.