ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიის პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა საქართველოს განცალკევება უკრაინისა და მოლდოვისგან, მოლოდინი აქვს, ეს მალე გამოსწორდება
ნიკოლოზ სამხარაძე - იტალიის პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა საქართველოს განცალკევება უკრაინისა და მოლდოვისგან, მოლოდინი აქვს, ეს მალე გამოსწორდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იტალიის პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი და მოხდა განცალკევება უკრაინისა და მოლდოვისგან.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, დეკემბერში იტალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერთან შეხვედრა ძალიან მეგობრული იყო და გულთბილ გარემოში გაიმართა. შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი საკითხი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და იქ მიმდინარე პროცესები. ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო განცხადება, რომელიც იტალიის პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ. მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა საქართველოს განცალკევება უკრაინისა და მოლდოვისგან. მოლოდინი აქვს, რომ ეს მალე გამოსწორდება. შესაბამისად, დეკემბერში იტალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, უკრაინას და მოლდოვას რაიმე სხვა პროგრესი თუ ექნებათ, საქართველოც ამ ჯგუფში უნდა განიხილებოდეს. მოვიწვიეთ იტალიის პარლამენტის სპიკერი და იმედია, შემოდგომაზე იტალიის წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოს ეწვევა. ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ იტალია საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია და მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.