ნიკოლოზ სამხარაძე - იმის მაგივრად, რომ ვიმუშაოთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, დაკავებული ვართ უაზრო დაპირისპირებით, რომლითაც საზოგადოება დაიღალა
ნიკოლოზ სამხარაძე - იმის მაგივრად, რომ ვიმუშაოთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, დაკავებული ვართ უაზრო დაპირისპირებით, რომლითაც საზოგადოება დაიღალა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და რეგიონში არსებულ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად, პოლიტიკურ პარტიებს შორის უაზრო დაპირისპირება მიმდინარეობს, რითაც საზოგადოება დაიღალა.

ამიტომ, სამხარაძის თქმით, სრულად ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებას.

„პირადად მე, ბოლო ოთხი თვეა, ვამბობ, რომ ჩვენ იმის მაგივრად, რომ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე ვიმუშავოთ, რაც რეგიონშია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დაკავებული ვართ ამ უაზრო დაპირისპირებით, რომლისგანაც ჩვენი საზოგადოება ძალიან დაიღალა. ამიტომ სრულად ვეთანხმები ბატონ კენტს ამ განცხადების სულისკვეთებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „კენტი ასევე საუბრობს ხელისუფლების პარტიულ ინტერესებზე და ამბობს, რომ პროვოცირება მმართველმა გუნდმაც მოახდინა“, – სამხარაძე პასუხობს: „არ ვიცი, კენტმა დააზუსტა თუ არა, რითი მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“ პროვოცირება. ეჭვი მაქვს, ის მელიას დაპატიმრებას გულისხმობდა, თუმცა ჩვენ არაერთხელ განვუმარტეთ არა მხოლოდ ბატონ კენტს, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს არ იყო არც ჩვენთვის სასურველი სცენარი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვიხარია და არ მოგვწონს ის, რომ ბატონი მელია საპატიმროში ზის. მან საქართველოს მართლმსაჯულებას სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ეს ჩვენი არჩევანი არ არის, ეს იყო პირადად ბატონი მელიას არჩევანი“, -აღნიშნა სამხარაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ.