ნიკოლოზ სამხარაძე - იმის გათვალისწინებით, რომ ეტაპობრივად ვასრულებდით 12 პუნქტს, ევროკავშირშიც მიდგომები მეტ-ნაკლებად შეცვლილია, დარწმუნებული ვართ, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს
ნიკოლოზ სამხარაძე - იმის გათვალისწინებით, რომ ეტაპობრივად ვასრულებდით 12 პუნქტს, ევროკავშირშიც მიდგომები მეტ-ნაკლებად შეცვლილია, დარწმუნებული ვართ, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკისთან გამართულ შეხვედრაზე ელჩს გააცნეს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ისაუბრეს კომიტეტის 2023 წლის გეგმაზე, რომელშიც ევროპულ ინტეგრაციას დიდი ადგილი უჭირავს.

„მას გავაცანით კომიტეტის ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. ვისაუბრეთ აგრეთვე 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. გვქონდა საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს როლზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის განმტკიცების საქმეში. ასევე, შევეხეთ შიდაპოლიტიკურ ვითარებასაც. გვქონდა საუბარი პარლამენტის ამ წლის გეგმებზე. ასევე, საუბარი იყო ვიზიტებზე, მათ შორის საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში დაგეგმილ ვიზიტებზე და ევროკავშირიდან საქართველოში ვიზიტებზე, რათა მეტად გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ადგილზე ნახონ, რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ იანვარში გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში საქართველოს კითხვართან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანამ გასულ წელს გააგზავნა.

„ამ ანგარიშთან მიმართებით ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს. ყოველივეს, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ეტაპობრივად ვასრულებდით 12 პუნქტს და ახლა ველოდებით ვენეციის კომისიისგან რეკომენდაციებს, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირშიც მიდგომები მეტ-ნაკლებად შეცვლილია, რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს, პრინციპში, დარწმუნებულიც ვართ, რომ წელს, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.