ნიკოლოზ სამხარაძე - გერმანული მხარე დაინტერესდა პროგრესით, რომელიც 12 პუნქტის შესრულების კუთხით გვაქვს, მათი პოზიციაა, რომ ჩვენს მხარდაჭერას გააგრძელებენ
ნიკოლოზ სამხარაძე - გერმანული მხარე დაინტერესდა პროგრესით, რომელიც 12 პუნქტის შესრულების კუთხით გვაქვს, მათი პოზიციაა, რომ ჩვენს მხარდაჭერას გააგრძელებენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ძირითადი სასაუბრო თემა 12 პუნქტის შესრულებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, გერმანული მხარე დაინტერესდა იმ პროგრესით, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს. როგორც ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, გერმანული მხარის პოზიცია საკმაოდ ცალსახაა, რომ ისინი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძლებენ.

„როგორც იცით, დილიდან გვქონდა შეხვედრები ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ევროპის საქმეთა კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ასევე კომიტეტის წევრებთან. რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი სასაუბრო საკითხი იყო 12 პუნქტის შესრულება და კანდიდატის სტატუსი. გერმანული მხარე დაინტერესდა პროგრესით, რომელიც გვაქვს ამ მიმართულებით. მათ ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე, ვთხოვეთ, გერმანია უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ.

ჩვენ გერმანიასთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. ევროკავშირის დიდი ქვეყნებიდან გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა ხდება საქართველოში, როგორია ჩვენი სისტემა, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ქვეყანამ როგორც ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე სამართალშემოქმედების კუთხით. ამიტომ ამ მხრივ მათი პოზიცია საკმაოდ ცალსახაა, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. ასევე, ძალიან საინტერესო იყო ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, რომ, ზოგადად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს. ამაში ის გულისხმობს როგორც ბალკანეთის ქვეყნების, ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში უფრო სწრაფ გაწევრიანებას.

ასევე, ნიშანდობლივი იყო ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიამ გაითავისა, ასე ვთქვათ, ის გაკვეთილები, რომლებიც რუსეთის აგრესიამ ახლა უკვე უკრაინაშიც წარმოშვა. შესაბამისად, ისინი სრულიად სხვანაირად უყურებენ ვითარებას, ამიტომ მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის გაფართოებას ალტერნატივა აღარ აქვს და საქართველო, რა თქმა უნდა, უკვე არის ამ გაფართოების კალათაში. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსი აქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.