ნიკოლოზ სამხარაძე - გაერო-ში ჩვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ქართველი ერისთვის ოკუპაცია მიუღებელია და რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული აგრესიის გაგრძელებაა
ნიკოლოზ სამხარაძე - გაერო-ში ჩვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ქართველი ერისთვის ოკუპაცია მიუღებელია და რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული აგრესიის გაგრძელებაა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის სიტყვა სამ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა.

მისივე თქმით, ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურის მხრიდან კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ტერიტორიების ოკუპაცია ქართველი ერისთვის მიუღებელია.

ამასთან, როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული აგრესიის გაგრძელებაა.

„გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე „პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძირითადად სამ საკითხს მოიცავდა, სამივე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ოკუპაცია არის ჩვენი ერისთვის მიუღებელი და რუსეთის ოკუპაცია მალე დამთავრდება. ასევე, ხაზგასმული იყო, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მათ შორის რუსეთის მიერ წარმოებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არის სწორედ საქართველოში წარმოებული აგრესიისა და იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, პრემიერმა დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის საკითხზე.

„მეორე საკითხი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ხაზი გაესვა, იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ის, რომ ამ მოკლე დროში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ახლა ქვეყნისთვის პრიორიტეტი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. შესაბამისად, ჩვენი მეტად დაახლოება ევროკავშირის წევრობასთან.

მესამე საკითხი, რომელსაც ხაზი გაუსვა პრემიერმა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის საკითხი იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ ვცდილობთ, შუამავლობა გავწიოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგება მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიან მშვიდობაში სამხრეთ კავკასიაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს ორ მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოს შორის მეტი ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის შევთავაზებთ მათ ჩვენს შუამავლობას, რათა კავკასიაში იყოს მშვიდობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.