ნიკოლოზ სამხარაძე – ფრანკოფონიის სესიის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ ქვეყნებს, რომლებიც გეოგრაფიულად საქართველოსგან დაშორებით არიან და მათთან აქტიური დიპლომატიური კომუნიკაცია არ გვაქვს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში.
როგორც სამხარაძემ განაცხადა, ეს ფორმატი იძლევა საშუალებას, შეხვდნენ წარმომადგენლებს იმ ქვეყნებისას, რომლებიც გეოგრაფიულად საქართველოსგან დაშორებით არიან და მათთან აქტიური დიპლომატიური კომუნიკაცია არ აქვთ.
„ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაზე მონაწილეობს სამასზე მეტი დელეგატი ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ ქვეყნებს, რომლებიც გეოგრაფიულად საქართველოსგან დაშორებით არიან და მათთან აქტიური დიპლომატიური კომუნიკაცია არ გვაქვს. გიორგი კახიანს ჰქონდა გამოსვლა, სადაც ისაუბრა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც ოკუპაციის გამო ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული საქართველოს მიერ გაერო-ში ყოველწლიურად შეტანილ რეზოლუციაზე. ფრანკოფონიის ასამბლეაში წარმოდგენილი არიან ის ქვეყნები, რომლებიც ხშირად თავს იკავებენ ხოლმე რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან. ამიტომ აქ გაისმა მოწოდება ამ ქვეყნების მიმართ, რომ მომავალში მხარი დაუჭირონ ჩვენს რეზოლუციას. ასევე, საუბარი გვქონდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანამ გადადგა სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე, ეკონომიკის პროგრესზე, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს. ამ პლატფორმას საქართველოს პარლამენტი იყენებს არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად, ასევე მეტი და მეტი ქვეყნის მიმხრობისათვის საქართველოს რეზოლუციისადმი, რომელიც ყოველწლიურად არის გაერო-ში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შემადგენლობით, ქალაქ იაუნდეში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.