ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბერლინში ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს, ანა ლიურმანს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, რომელიც ესწრებოდა 12 დეკემბერს გამართულ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომას ბრიუსელში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება უკრაინის საკითხზე, ის მაინც დარწმუნებულია, რომ პარასკევს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველოს როგორც ამ კვირაში, ასევე სამომავლოდ ექნება გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში წევრობის გზაზე. მინისტრთან აგრეთვე ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართული სახელმწიფოს მხრიდან დახმარების აღმოჩენაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის სახელმწიფო მინისტრი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საქართველოს როლით დაინტერესდა. ნიკოლოზ სამხარაძემ მას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევის და გეგმების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების საკითხს. ნიკოლოზ სამხარაძემ მინისტრს განუმარტა ის მიზეზები, რის გამოც საქართველო სრულად არ არის მიერთებული ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეკლარაციებს და განცხადებებს.

„შეხვედრაზე ჩვენ გამოვთქვით წუხილი, რომ ევროკავშირის და გერმანიის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია არ გამოიყენება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით და ვთხოვეთ მას, რომ ეს საკითხი გადაიხედოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია.