ნიკოლოზ სამხარაძე - ევროპაში ვიზიტებისას, პროტოკოლურ შეხვედრებზე და არა არაფორმალურ ვახშმებზე, იყო გაკვირვება, რატომ ვერ მივიღეთ სტატუსი, ღიადაც ითქვა, რომ ეს იყო შეცდომა
ნიკოლოზ სამხარაძე - ევროპაში ვიზიტებისას, პროტოკოლურ შეხვედრებზე და არა არაფორმალურ ვახშმებზე, იყო გაკვირვება, რატომ ვერ მივიღეთ სტატუსი, ღიადაც ითქვა, რომ ეს იყო შეცდომა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო დელეგაციის ევროპის ქვეყნებში ვიზიტებზე ისაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ყველა ქვეყანაში, სადაც ვიზიტების ფარგლებში იმყოფებოდნენ, უცხოელი კოლეგები გაკვირვებული იყვნენ, რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. მისივე განცხადებით, შეხვედრებზე პარტნიორები ადასტურებდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას.

„მინდა, გავაგრძელო საუბარი თემით, რომელიც ეხება ბოლო სამი კვირის განმავლობაში ვიზიტებს როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ისე საგარეო კომიტეტის ვიზიტებს ევროპის ქვეყნების დედაქლაქებში, მათ შორის მადრიდში, ლისაბონში, ჰააგაში, ლუქსემბურგში, ბერლინსა და ლუბლიანაში. კარგია, რომ ყველა ვიზიტში იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ნათლად დაინახეს, რას აკეთებს „ქართული ოცნება“, რათა ევროპულ და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ქვეყანამ წინ წაიწიოს. მინდა, დავარწმუნო ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც ამ ვიზიტების დროს გვახლდნენ, რომ სხვა ვიზიტების დროსაც ზუსტად იმავე ენით საუბრობს „ქართული ოცნება“ და ზუსტად იმავე სულისკვეთებით სტუმრობს ევროპული ქვეყნების დედაქალაქებს. ქალბატონო ხათუნა, თქვენგან განხსვავებით, სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ევროპულ დედაქალაქებში თავად როდესაც დადიან, ამბობენ, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს, არ უნდა მისცემოდა სტატუსი. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა.

ჩემ მიერ ჩამოთვლილ ყველა ქვეყანაში, ყველა შეხვედრაზე პარლამენტში კოლეგების მხრიდან იყო ერთგვარი გაკვირვება, რატომ ვერ მიიღო საქართველომ სტატუსი. იყო კითხვები ჩვენ მიმართ, ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რა იყო ამის მიზეზი. ყველა ქვეყანაში ერთხმად იყო გამოხატული მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის მომავალი გაფართოების ნაწილი. ეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არის.

ყველა შეხვედრაზე გვიდასტურებდნენ, რომ საქართველო, კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ბევრი მიმართულებით მართლაც ბევრად წინ დგას. ეს შეხვედრები იმართებოდა როგორც პარლამენტებში, ასევე მთავრობაშიც. ჩვენ შევხვდით რამდენიმე ვიცე-პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს. ზოგიერთ შეხვედრაზე ძალიან ღიად იყო ნათვქამი, რომ ზაფხულში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება შეცდომა იყო და ეს განცხადებები პროტოკოლურ შეხვედრებზე გაკეთდა და არა არაფორმალურ ვახშმებზე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პარტნორები არ ერიდებიან აღიარებას, რომ საქართველოსთვის ზაფხულში კანდიდატის სტატუსის არმიცემა იყო შეცდომა. ამიტომ ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ შედეგებით. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო გერმანიის პოზიცია, რომელიც გაფართოების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიაში უკვე ძალიან ღიად ლაპარაკობენ ახალ ევროპაზე, რომელიც იქნება 36 წევრისგან შემდგარი და ამ 36 წევრში მოიაზრებენ საქართველოსაც. ეს არის ძალიან სერიოზული ცვლილება გერმანიის საგარეო პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილება, პოზიციების გადახედვა, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.