ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის მიხედვით მივდივართ და ვერავინ იტყვის, რომ ეს პროცესი არ არის ინკლუზიური
ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის მიხედვით მივდივართ და ვერავინ იტყვის, რომ ეს პროცესი არ არის ინკლუზიური

გვაქვს მკაფიოდ გაწერილი გეგმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მივდივართ ამ გეგმის მიხედვით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სამხარაძის თქმით, რაც შეეხება პროცესის ინკლუზიურობას, კარი არის ღია, როგორც ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

„ზაფხულის განმავლობაში არაერთი შეხვედრა ჩატარდა, უკვე მომავალი კვირიდან მოხდება კანონების დაინიცირება, მათ შორის, მოხდება საკონსტიტუციო ცვლილების დაინიცირებაც, პროკურორის არჩევის წესზე. ასევე, კომიტეტებში გაგრძელდება მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, მივდივართ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც დავისახეთ ივლისის დასაწყისში და დარწმუნებული ვართ, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ის საკითხები, რომელიც პარლამენტს ეხება, იქნება უკვე მოგვარებული. რაც შეეხება ინკლუზიურობას, კარი არის ღია, როგორც ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ინკლუზიურობის გარანტიის მიცემა არ შეგვიძლია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს თავად იმ აქტორებზე არის დამოკიდებული, რამდენად მიიღებენ ისინი ამაში მონაწილეობას, თუ არ მიიღებენ. მთავარი არის, რომ შევქმნათ ამისი შესაძლებლობები. ამისი შესაძლებლობები არის სრულად შექმნილი. არასამთავრობო სექტორს რაც შეეხება, აქ მთავარი პარტნიორი არის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც სწორედ ევროინტეგრაციის ეგიდით არის შექმნილი და ამ პლატფორმაში, როგორც იცით, 200-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ჩართული. ანუ, ამ მხრივ, ვერავინ იტყვის, რომ ეს პროცესი არ არის ინკლუზიური“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.