ნიკოლოზ სამხარაძე - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ჩვენი ოპონენტები, რომლებიც სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ, ცდილობდნენ, როგორმე შეერყიათ საქართველოს დელეგაციის სანდოობა
ნიკოლოზ სამხარაძე - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ჩვენი ოპონენტები, რომლებიც სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ, ცდილობდნენ, როგორმე შეერყიათ საქართველოს დელეგაციის სანდოობა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოპონენტები, რომლებიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ერთ-ერთი დელეგატის სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ, ცდილობდნენ, როგორმე შეერყიათ საქართველოს დელეგაციის სანდოობა.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ თქვეს უარი საქართველოს პარლამენტის წევრობაზე და, შესაბამისად, არ არიან წარმოდგენილი დელეგაციაში, ისინი ერთ-ერთი დელეგატის სტუმრის სტატუსით ასამბლეაზე იმყოფებოდნენ, თუმცა მათ არ ჰქონდათ უფლება, სხდომას დასწრებოდნენ ან დებატებში სიტყვით გამოსულიყვნენ. ისინი დერეფნებში ცდილობდნენ, როგორმე გამოეჭირათ რომელიმე დელეგაციის წევრი და მათთვის ეთხოვათ, რომ საქართველო არ ყოფილიყო მიწვეული ეუთო-ს ასამბლეის სხდომებზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, დახურულ სხდომაზე დებატები გაიმართა ყველა იმ არჩევნების შესახებ, რომელიც 2024 წლის მეორე ნახევარში ჩატარდა და რომელსაც ეუთო-ს მისია აკვირდებოდა. მისივე თქმით, საუბარი იყო  საქართველოს არჩევნებზეც, სადაც მომხსენებელმა ობიექტურად და კარგად წარმოადგინა ის მიგნებები, რომლებიც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას ჰქონდა.

„მომხსენებელმა, მათ შორის, ისაუბრა პოზიტიურ მხარეებზეც, მაგალითად, ელექტრონული მთვლელების შემოღებაზე და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, როგორც ერთ-ერთ პოზიტიურ სიახლეს. ასევე საუბარი იყო ეუთო-ს რეკომენდაციებზე. მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან იმუშაონ 12 საარჩევნო რეკომენდაციის თაობაზე. უნდა ვთქვა, რომ, ზოგადად,  ეუთო-ს ასამბლეა საქართველოსთვის საკმაოდ პოზიტიური შედეგით დასრულდა“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციამ  მზადყოფნა გამოთქვა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ამ რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშაოს.