ნიკოლოზ სამხარაძე - დროა, გავერთიანდეთ, დაყოფა და პოლარიზაცია გააღრმავებს უსაფრთხოების პრობლემებს, რაც მხოლოდ რუსეთს აწყობს
ნიკოლოზ სამხარაძე - დროა, გავერთიანდეთ, დაყოფა და პოლარიზაცია გააღრმავებს უსაფრთხოების პრობლემებს, რაც მხოლოდ რუსეთს აწყობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შერიგებასა და ერთიანობაზე საუბრობს და არა დაყოფასა და პოლარიზაციაზე.

სამხარაძის თქმით, ოპოზიციის სურვილი თუ იქნება პარლამენტში შესვლა, „ქართული ოცნება“ მზადაა, მათთან ნებისმიერ ფორმატში ისაუბროს.

„ვერ ვიხსენებ მომენტს, როცა „ქართული ოცნება“ დაყოფასა და პოლარიზაციაზე საუბრობდა – ჩვენ ყოველთვის შერიგებასა და ერთიანობაზე ვსაუბრობთ. საზოგადოებამ კარგად იცის, თუ საიდან მოდის პოლარიზაცია და სიძულვილის ენა. თუ ოპოზიცია ისურვებს, რომ მათ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი მიიღონ, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერი სახით ვისაუბროთ მათთან. ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პრინციპი. კანონის აღსრულების შემდეგ მთავარი საკითხია, გავერთიანდეთ ერთი მიზნის გარშემო – ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი აღმოიფხვრას. ამას სჭირდება იმ საკითხების მოძებნა, რაზეც ერთიანი პოზიცია გვექნება. საქართველოს ყველა მოქალაქეს სურს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცა დაკავებული იყოს არა ერთმანეთთან კინკლაობით, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრით. დღეს არ არის იმის დრო, ერთმანეთს რაღაც წვრილმან პრობლემებზე ვეკინკლაოთ. დროა, გავერთიანდეთ და უსაფრთხოების პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს, ერთად გადავწყვიტოთ. ყველანაირი დაყოფა და პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების პრობლემებს, რაც ერთადერთ ქვეყანას, რუსეთს აწყობს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის განმარტებით, ნიკა მელიას შეეძლო, ემოქმედა ისე, რომ მისი დაკავება არ მომხდარიყო.

„ნიკა მელიას ჰქონდა ყველა ბერკეტი, რომ ციხეში არ წასულიყო, მაგრამ მან და მისმა პარტიამ ყველაფერი გააკეთეს, რათა ციხეში წასულიყო. მელიას ციხეში წასვლა მათი გადაწყვეტილებაა და შედეგები საკუთარ თავზე უნდა იწვნიონ“, – დასძინა ნიკოლოზ სამხარაძემ.