ნიკოლოზ სამხარაძე - ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ნიკა მელიას საქმესა და გამოსავლის ძიებაზე, საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჩამოგვიყალიბდა
ნიკოლოზ სამხარაძე - ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ნიკა მელიას საქმესა და გამოსავლის ძიებაზე, საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჩამოგვიყალიბდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრაზე ისაუბრეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის სამართლებრივ მიმართულებაზე, პოლიტიკურ მნიშვნელობასა და გამოსავლის ძიებაზე.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდა.

ამასთან, სამხარაძის განცხადებით, ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ საქართველოში არსებული ვითარებიდან გამოსავალი არის პოლიტიკური დიალოგი.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩემს კოლეგასთან. ვისაუბრეთ ქართულ-ლიეტუვური ურთიერთობების განვითარებაზე. ლიეტუვა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან დიდი მეგობარი. აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ როგორც საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით ლიეტუვის მხარდაჭერაზე. ასევე ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებზე და ამ მხრივ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ვისაუბრეთ სტრატეგიულ ურთიერთობებზე და რა თქმა უნდა, შევეხეთ შიდა პოლიტიკურ ვითარებას.

ჩვენ ვთანხმდებით იმაში, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის პოლიტიკური დიალოგი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, მმართველი პარტია დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, რადგან ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ფუნქციონირებდეს ნორმალურად პარლამენტი და ქვეყანაში სიტუაცია უნდა დეესკალირდეს. ამაზე ჩვენ შევთანხმდით. ამასთან, ჩვენ ვისაუბრეთ ნიკა მელიას საქმის სამართლებრივ მიმართულებაზეც და პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც, გამოსავლის ძიებაზეც. ამასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჩამოგვიყალიბდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.