ნიკოლოზ სამხარაძე – დღეს მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, ეს მნიშვნელოვანია პროცესია, რადგან კავშირის აქტივობებში აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას
დღეს მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, რომლებიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება. სამი კანდიდატია წარმოდგენილი – ავსტრალიის პარლამენტის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე და ჩილელი სენატორი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო საპარლამენტო კავშირის აქტივობებში საქართველო საკმაოდ აქტიურად იღებს მონაწილეობას.
„ჩვენ სამივე კანდიდატთან საკმაოდ ახლო, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. წინასწარ ვერ ვიტყვით, არჩევნები როგორ დასრულდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, ჩვენ სამივე მათგანთან საკმაოდ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რაც შეეხება საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, როგორიც აფრიკის, ასევე აზიის და ევროპის წარმომადგენლებს.
„კულუარებში ასევე შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებთან. როგორც იცით, ამ ასამბლეას ვიყენებთ ძირითადად იმ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც საქართველოსგან გეოგრაფიულად შორს არიან და ძირითადად ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის. ამ შემთხვევაშიც ჩვენ საუბარი გქონდა აფრიკის პარლამენტების წარმომადგენლებთან და ვესაუბრეთ ოკუპაციაზე, არაღიარების მნიშვნელობაზე. ასევე შეხვედრა გქონდა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა პარლამენტების დონეზე. იცით, რომ ნაურუმ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღო. მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ორმხრივ ურთიერთობებზე ვისაუბრეთ, მათ შორის იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში გვაქვს. საკმაოდ მეგობრული იყო ტონი და ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარისგან კონსტრუქციული ტონი იგრძნობოდა. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება ორმხრივ ფორმატში, სადაც კიდევ უფრო მეტად წინ წავწევთ საპარლამენტო ურთიერთობებს. ეს იყო ძირითადი მიზნები, რისთვისაც ჩვენი დელეგაცია მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 153-ე ასამბლეაზე ჩამოვიდა. იმედია, რომ ეს ჩვენი შეხვედრები მომავალში ნაყოფს გამოიღებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, ხშირად ოპონენტებისგან ისმის ქილიკი, როდესაც საქართველოს დელეგაცია სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო საპარლამენტო კავშირის შეხვედრებს ესწრება.
„დამცინავი, რაღაც ქედმაღლური ტონითაც, თუნდაც აფრიკული ქვეყნების მიმართ. ეს ყველაფერი შემდეგ ითარგმნება გაერო-ს რეზოლუციებში. ვნახეთ, რომ წელს, რეკორდულად მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციას გაერო-ში. ასევე, უკვე მეორედ, კონსენსუსით გავიდა ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ამას შედეგი მოაქვს, რადგან დიპლომატიაში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ელაპარაკო, ესაუბრო და სიმართლე გააგებინო. მაშინ, როდესაც ჩვენ მოკლებული ვართ იმ სიამოვნებას, რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში საელჩო გქონდეს, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და ასამბლეები ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ესაუბრო წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკის, აზიის, აფრიკის წარმომადგენლებს და შენი სიმართლე გააგებინო. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი ფორმატია. ჩვენი უვიცი ოპონენტებისთვის ვიტყვი, რომ დიპლომატია არის მნიშვნელოვანი და ნებისმიერ ქვეყანასთან ტოლსწორად უნდა ვისაუბროთ და დამცინავი ტონი მიუღებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.