ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ და ისრაელის ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით ერთნაირი ხედვა გვაქვს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ ხდება სხვადასხვა აქტორისგან შიდა დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევა
ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენც და ისრაელს თანაბრად გვაწუხებს. მან ინფორმაცია მოგვაწოდა ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე, ისრაელის გეგმებზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, საუბარი ასევე შეეხო შიდა პოლიტიკურ სიტუაციას.
„საუბარი გვქონდა საქართველოში არსებულ ვითარებაზეც, მათ შორის იმ პრობლემებზე, რასაც საქართველოს უქმნის ოკუპაცია. საუბარი იყო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტ დინამიკაზე და ისრაელში საპარლამენტო დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე. ასევე, საუბარი შეეხო ისრაელისა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობას. საინტერესო საუბარი შედგა, ბევრი საკითხი დავფარეთ. რაც ყველაზე სასიხარულოა, ჩვენ და ისრაელის ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით ერთნაირი ხედვა გვაქვს როგორც მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმის თაობაზე, თუ როგორ ხელოვნურად ხდება ხოლმე შიდა დესტაბილიზაციის გამოწვევა სხვადასხვა აქტორის მხრიდან“, – განაცხადა სამხარაძემ.