ნიკოლოზ სამხარაძე - ბუდაპეშტში კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია
კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია. შესაბამისად, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთში ვიიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პუდაპეშტში იმყოფება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დელეგაცია, ასევე კანდიდატი ქვეყნების დელეგაციები.
„რა თქმა უნდა, ჩვენს გამოსვლაში მთავარი აქცენტი იმ საკითხებზე გვექნება, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში წევრობას ეხება, მათ შორის იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს და ასევე იმ ხედვაზე, რაც ევროკავშირის მომავალსა და საქართველოს ევროკავშირში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით გვაქვს.
ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდება იმაზეც, რომ საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულ შემთხვევაში, უსამართლო მიდგომა იყო და ევროკავშირი არ ითვალისწინებდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს და იმას, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე მათი მიდგომა არ იყო მაინცდამაინც მეგობრული ჩვენ მიმართ. ასევე ვისაუბრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის იმ რეფორმების გატარება, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებს“, – განაცხადა სამხარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულ ორივე სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი ბუდაპეშტში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.