ნიკოლოზ სამხარაძე - ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ჩვენი პარტნიორები მათ შორის დაინტერესდნენ, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს ნატო-მ საქართველოსთვის, ვიდრე ქვეყანა ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდება
ნიკოლოზ სამხარაძე - ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ჩვენი პარტნიორები მათ შორის დაინტერესდნენ, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს ნატო-მ საქართველოსთვის, ვიდრე ქვეყანა ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა იმ პროგრესს, რაც საქართველოს აქვს.

სამხარაძის თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან, რომლებიც სხვადასხვა საკითხით დაინტერესდნენ.

„ელჩებს აინტერესებდათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ასევე, მათი სამხედრო განლაგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეკონომიკური საკითხები, მათ შორის ის, რამდენად არის საქართველო დამოკიდებული რუსეთთან ვაჭრობაზე. აგრეთვე, ინტერესი იყო გამოთქმული ჩვენ მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და სამოქმედო გეგმაზე. კერძოდ, როგორ ვხედავთ ამ გეგმის შესრულების პროცესს. საუბარი იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს როლზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, მათ შორის, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ, კიდევ მეტი რა შეიძლება გააკეთოს ნატო-მ საქართველოსთვის, ვიდრე ქვეყანა ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ასევე ნატო-ში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.