ნიკოლოზ სამხარაძე - „ბიბისის“ მასალა კლასიკური პიარული შეტევაა, დააბრალე, ვიდრე სიმართლეს არ დაამტკიცებ, მთავარია, რომ ქართული საზოგადოება იაფფასიან ტრიუკს არ აჰყვა
ნიკოლოზ სამხარაძე - „ბიბისის“ მასალა კლასიკური პიარული შეტევაა, დააბრალე, ვიდრე სიმართლეს არ დაამტკიცებ, მთავარია, რომ ქართული საზოგადოება იაფფასიან ტრიუკს არ აჰყვა

ყველაფერი ცხადყოფს, რომ „ბიბისის“ სიუჟეტი კარგად დაგეგმილი და მომზადებული იყო, რათა საქართველოს რეპუტაცია შეელახათ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით ოპოზიციამ „ბიბისის“ მასალა მალე აიტაცა და აპელირება დაიწყო, რომ საქართველოში გამოძიება ვერ ჩატარდება და ექსპერტები უნდა მოიძიონ.

„„ბიბისის“ სიუჟეტის ფიგურანტებმა ერთიმეორის მიყოლებით დაიწყეს უარყოფა, რომ ინტერვიუ არ მიუციათ ან არ უთქვამთ აქციებზე ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ყველაფერი ცხადყოფს, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი და წინასწარ მომზადებული სიუჟეტი, რათა საქართველოს რეპუტაცია შეელახათ; მსოფლიოსთვის ეცნობებინათ, თურმე საქართველოს ისეთი საშინელი ხელისუფლება ჰყავს, რომ საკუთარ მოქალაქეებს ქიმიური იარაღით უსწორდება.

მგონი, ბოლო მსგავსი ფაქტები ბაშარ ასადს და სადამ ჰუსეინს უკავშირდება. იმ მასშტაბის აფიორასთან გვაქვს საქმე, რომ უნდათ, საქართველოს ხელისუფლება სირიის და ერაყის დიქტატორებს გაუსწორდნენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი აქციების წლისთავზე მოხდა. ვნახეთ, ერთიმეორის მიყოლებით როგორ გამოეხმაურნენ აქციის წლისთავს ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკოსები, მინისტრები. არცერთი აქციიდან შემთხვევა არ მახსოვს, ეს იქნებოდა ყვითელჟილეტიანების აქცია თუ ეკოაქტივისტების, რომ ერთი წლის თავზე პოლიტიკოსებს ეს აქციები შეეფასებინათ. ქვეყნის შიგნით ჩვენმა ოპონენტებმა ეს თემა მალე აიტაცეს და აპელირება დაიწყეს, რომ საქართველოში გამოძიება ვერ ჩატარდება, ექსპერტები უნდა მოვიძიოთ და ა.შ. ეს არის კოორდინირებული, დაგეგმილი ოპერაცია.

ფაქტია, რომ ახლა ამ ყველაფრის უარყოფას დაიწყებენ, მაგრამ ქვეყანას ზიანი უკვე მიადგა, ეს სიუჟეტი ბევრმა ადამიანმა ნახა. ჩვენი ბერკეტია, რომ ხელისუფლება სარჩელს შეიტანს და „ბიბისის“ დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციისთვის უჩივლებს. სასამართლო დიდი ხანი იწელება ხოლმე და საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დიდი დრო გავა, მაგრამ ეს თემა ჩამოკიდებული იქნება, ოპონენტები ამ თემას გაიხსენებენ ხოლმე. ეს არის კლასიკური პიარული შეტევა, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ბევრი არსებობს. დააბრალე, ვიდრე სიმართლეს არ დაამტკიცებ, ეს ბრალი დამოკლეს მახვილივით იქნება ჩამოკიდებული. მთავარია ის, რომ ქართული საზოგადოება იაფფასიან ტრიუკს არ აჰყვა და ეს იარაღი გამოყენებული ვერ იქნებოდა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.