ნიკოლოზ სამხარაძე – ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ვნახეთ, რომ დახმარებები ბოლომდე არ მივიდა ბენეფიციარამდე, რუბიოს განცხადებიდან ჩანს ამერიკის გამოცდილების გადააზრება
საგარეო დახმარება ამა თუ იმ ქვეყნის დასახმარებლად თუ არის გამოყოფილი, სწორედ ამ ქვეყანას უნდა მიემართოს და არ იყოს გადარიცხული მესამე ორგანიზაციისთვის, რომელიც აქედან სარგებელს ნახულობს, ეს ნაბიჯი მისასალმებელია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
სამხარაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, სადაც რუბიომ აღნიშნა: „ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს და არა – არასამთავრობო ორგანიზაციებს“.
„ამერიკის პოლიტიკის გადააზრება ხდება, რომ ორმხრივ ურთიერთობებში საჭირო არ არის მესამე მხარის ჩართვა. საგარეო დახმარება ამა თუ იმ ქვეყნის დასახმარებლად თუ არის გამოყოფილი, სწორედ ამ ქვეყანას უნდა მიემართოს და არ იყოს გადარიცხული მესამე ორგანიზაციისთვის, რომელიც აქედან სარგებელს ნახულობს. ეს ნაბიჯი კარგი და მისასალმებელია, რადგან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვნახეთ, რომ დახმარებები ან ბოლომდე არ მიდის ბენეფიციარამდე, ან ისეთი სახით მიდის, რაც ქვეყანას არ აწყობს. რუბიოს განცხადებიდან ჩანს, რომ გადააზრება ხდება იმ გამოცდილების, რომელიც ამერიკას ჰქონდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.