ნიკოლოზ სამხარაძე - არ მაქვს საფუძველი, ელჩობის კანდიდატურებთან დაკავშირებით მთავრობის განცხადებაში ეჭვი შევიტანო
ნიკოლოზ სამხარაძე - არ მაქვს საფუძველი, ელჩობის კანდიდატურებთან დაკავშირებით მთავრობის განცხადებაში ეჭვი შევიტანო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ არ აქვს საფუძველი, ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მთავრობის განცხადებაში ეჭვი შეიტანოს.

მისივე თქმით, საკითხს მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთთან გაარკვევენ.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებით მთავრობამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ელჩობის რამდენიმე კანდიდატურა არ დაამტკიცა. ამის თაობაზე არაოფიციალურ ინფორმაციას მეც ვფლობ, ამიტომ არ მაქვს საფუძველი, მთავრობის განცხადებაში ეჭვი შევიტანო.

რაც შეეხება მიმოწერასა და ოფიციალურ ნაწილს, ამას ალბათ მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთთან გაარკვევენ. 12 გაგზავნილიდან 12 დანიშნულია, მაგრამ ამ 12-ის გარდა, იყვნენ სხვებიც, რომლებიც პრეზიდენტმა არ დანიშნა. ეს ადამიანები დღესაც დიპლომატიურ სამსახურში არიან და არ მგონია სწორი, რომ მათი სახელები და გვარები უნდა გასაჯაროვდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

29 მარტს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

თავის მხრივ, საპასუხო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშულია, რომ „ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა. ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება“.