ნიკოლოზ სამხარაძე – ანგარიშზე მუშაობის პერიოდში ევროკომისიას არანაირი კონტაქტი არ ჰქონია საქართველოს უწყებებთან, შესაბამისად, ვერ ექნება სრული სურათი, თუ რა ხდებოდა საქართველოში საანგარიშო პერიოდში
ანგარიშზე მუშაობის პერიოდში ევროკომისიას არანაირი კონტაქტი და ურთიერთობა არ ჰქონია საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არც სამინისტროებთან და არც იმ სტრუქტურებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმ რეფორმების გატარებაზე, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირს ვერ ექნება სრული სურათი იმაზე, თუ რა ხდებოდა საქართველოში საანგარიშო წლის პერიოდში.
„80-იანი წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ევროკავშირში გაფართოების პროცესი მიმდინარეობს, ევროკავშირი და ევროკომისია გაფართოების ანგარიშს შეიმუშავებენ ხოლმე იმ ქვეყნის უწყებებთან ერთად, რომლებიც გაფართოების კანდიდატები არიან. ეს საკმაოდ მძიმე მოცემულობაა და არა საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის. რაც შეეხება კითხვას პატიმრებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ევროკავშირის ის წარმომადგენლები, რომლებმაც ანგარიში დაწერეს, საერთოდ არ ეცნობიან იმ ახალ ამბებს, რომელიც საქართველოსგან ბრიუსელში მიდის. ბოლო ინფორმაციით, რაც მაქვს, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანების 80%-ზე მეტმა ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ეს ადამიანები ბრალს თუ აღიარებენ, მაშინ ისინი დამნაშავეები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერანაირად იქნებოდნენ „თვითნებურად დაკავებულები“. ეს ტერმინი ცოტა უცნაურია, რასაც ევროკომისია იყენებს. არაერთხელ მოვითხოვეთ კონკრეტული ადამიანების სია, ვის მიიჩნევენ „თვითნებურად დაკავებულებად“, რადგან იქ წერია აქტივისტები, ჟურნალისტები. გვაინტერესებს, ვინ არიან ეს აქტივისტები, ჟურნალისტები, ვინც „თვითნებურად“ არიან დაკავებული. ვიდრე ამ სიას არ გადმოგვცემენ და არ დაასაბუთებენ, რატომ არიან ისინი „თვითნებურად“ დაკავებული და რომელი მუხლი „არ მიესადაგება“, პრეტენზიებს ვერ მივიღებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია: „საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს“.
ამავე ანგარიშის მიხედვით, „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.