ნიკოლოზ სამხარაძე - დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირი ახლა უკვე დოკუმენტურად ადასტურებს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი
ნიკოლოზ სამხარაძე - დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირი ახლა უკვე დოკუმენტურად ადასტურებს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირი ახლა უკვე დოკუმენტურად ადასტურებს, რომ საქართველო მომავალში გახდება ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით, სადაც გაიცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მინდა, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ეს გადაწყვეტილება. ასევე, მინდა, თითოეულ იმ საჯარო მოხელეს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ევროპული რეფორმების განხორციელებაში, პირველ რიგში, გადავუხადო დიდი მადლობა, ასევე ყველას, ვინც მთავრობიდან, პარლამენტიდან, დიპლომატიური სამსახურიდან, სხვადასხვა შტოდან იყო ჩართული იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რომელსაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღით პროცესი არ მთავრდება. პირიქით, დღევანდელი დღით იწყება ეს პროცესი, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი ადასტურებს, ახლა უკვე დოკუმენტურად, რომ საქართველო მომავალში გახდება ევროკავშირის წევრი. სწორედ ეს არის ამ გადაწყვეტილების ყველაზე დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.