ნიკოლოზ სამხარაძე - აფრიკის კონტინენტის ქვეყნებიდან ვისაც შევხვდით, ვიღებთ დასტურს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე მათი პოზიცია არ გადაიხედება
ნიკოლოზ სამხარაძე - აფრიკის კონტინენტის ქვეყნებიდან ვისაც შევხვდით, ვიღებთ დასტურს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე მათი პოზიცია არ გადაიხედება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, აფრიკის კონტინენტის ქვეყნებიდან ყველა, რომელთა წარმომადგენლებთანაც საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა, ადასტურებს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

სამხარაძის თქმით, შეხვედრებზე ქართული დელეგაცია იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც საქართველო ოკუპაციის გამო აწყდება.

„წელს გაერო-ში საქართველოს თაობაზე მომზადებულ რეზოლუციას 100-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ბევრი ისეთი იყო, ვინც რეზოლუციას მხარი პირველად დაუჭირა და ეს ქვეყნები სწორედ აფრიკის კონტინენტიდან იყვნენ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა არ იყოს ერთჯერადი და გაგრძელდეს. ვისაც შევხვდით, იმ ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ვიღებთ დასტურს, რომ მათი პოზიცია არ გადაიხედება და ისინი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ამ შეხვედრებზე მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე არ არის საუბარი. საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ რეზოლუციაზე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ. მათ შეხვედრებზე იმ პრობლემებს ვაცნობთ, რომელსაც საქართველო ოკუპაციის გამო აწყდება. ვცდილობთ, მათი მხრიდან ეს მხარდაჭერა მოვიპოვით. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, როცა გაერო-ში ჩვენი საკითხი კიდევ ერთხელ დადგება, გაზრდილი იქნება იმ ქვეყნების რაოდენობა, ვინც რეზოლუციას მხარს დაუჭერს. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა რეფორმები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს. ეს არის რეფორმები მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების, საგადასახადო სისტემის, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ამ ქვეყნებს ეს ყველაფერი აინტერესებთ და მათგან ბევრი თხოვნაც მივიღეთ, რომ იქნებ ამ მიმართულებით საქართველო განვითარებად სახელმწიფოებს დაეხმაროს, რათა მათ ჩვენი გამოცდილება და წარმატებული რეფორმების შესახებ ცოდნა გავუზიაროთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.