ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ბიზნესი ახალი მთავრობისაგან ელოდება, რომ სიტყვა და საქმე იყოს ერთი
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ბიზნესი ახალი მთავრობისაგან ელოდება, რომ სიტყვა და საქმე იყოს ერთი

ქართული ბიზნესი ახალი მთავრობისგან ელოდება, რომ მისი სიტყვა და საქმე ერთი იყოს. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალმა მთავრობამ მკაფიო გზავნილები გააკეთოს, რაც კერძო სექტორს დაამშვიდებს, რადგან სამთავრობო ცვლილებები გარკვეულ ღელვას იწვევს, – ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ახალი მთავრობის მიმართ ბიზნესის მოლოდინი, ასევე ზოგადად ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს.

ხუნძაკიშვილის თქმით, ახალი პრემიერის წარსული და ბიზნესთან ურთიერთობის გამოცდილება დადებითი მოლოდინის საფუძველს იძლევა.

„ჩემთვის, როგორც ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლისთვის, მთავრობის ცვლილების დროს ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიო მესიჯები, რაც ცოტა დაგვამშვიდებს, რადგან მთავრობის ცვლილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაღაც ფორიაქს იწვევს. ამ შემთხვევაში ის გზავნილები მივიღეთ, რაც მანამდე მოკლევადიანი 2019-2020 წლის სამთავრობო პროგრამაში წერილობით იყო წარმოდგენილი. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ფორმულირება, რომ ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, უნდა შედგეს მეტი კომუნიკაცია, ბიზნესი ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარემო პროგნოზირებადი უნდა იყოს – ანუ ყველა ის საკითხია, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. თუმცა პრაქტიკა შეიძლება განსხვავებული იყოს. ჩვენი მოლოდინი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის ის, რომ სიტყვა საქმეს შეესაბამებოდეს. ბოლო რამდენიმე წელია, გახარიასთან ვმუშაობთ, როდესაც ის იყო ბიზნესომბუდსმენის რანგში, ეკონომიკის მინისტრის რანგში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი უფრო მეტად პოზიტიურია, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი ამაღლდება. ეს ყველაფერი საინვესტიციო გარემოს განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

ბიზნესმენის თქმით, სასურველია ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის კომუნიკაციის ფორმატი ინსტიტუციონალური გახდეს, რადგან ოფიციალური ვალდებულება უფრო ნაყოფიერ შედეგს მოიტანს, ვიდრე კონკრეტული ჩინოვნიკის კეთილი ნება. 

„ბიზნესს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ უჭირს, განსაკუთრებით დიდ ბიზნესს, თუმცა შეიძლება, ვისაუბროთ საშუალო და მცირე ბიზნესის პრობლემაზე. მართალია, ჩვენ კომუნიკაციის საკმარისი პლატფორმები გვაქვს, მაგრამ ჩვენ აქცენტებს ვაკეთებთ არა კომუნიკაციის რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. როცა გადაწყვეტილების მიღებაზე ვსაუბრობთ, ეს ერთნაირი პროცესია როგორც კერძო სექტორში, ისე მთავრობაში. თუმცა განსხვავებულია აღქმა, მათ შორის როგორც დროის, ისე რესურსების. ხელისუფლებაში რაღაც სიტყვები განსხვავებული მნიშვნელობისაა, ვიდრე ბიზინესში. სამთავრობო ბიუროკრატიაში ბიზნესისგან განსხვავებული დროის აღქმაა. მაგალითად, თუ ბიზნესში ვამბობთ, რომ სწრაფად მაქვს რაღაც გასაკეთებელი, ეს ნიშნავს, რომ მართლა სწრაფად მაქვს გასაკეთებელი და ყველაზე მეტი ერთ თვეში უნდა მივიღო გადაწყვეტილება. თუ ხელისუფლება იმავეს ამბობს, ეს სულ მცირე ექვს თვეს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალია კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატები, რომ ერთად ვისხდეთ და ვისაუბროთ. თუმცა ვისურვებდი, ეს ფორმატები ინსტიტუციონალური იყოს და მინისტრის ან პრემიერის კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული, ის ბიზნესს შეხვდეს თუ არა. მაგალითად, რომელიმე ბიზნესმენი შეიძლება პიროვნულად არ იყოს მისთვის მისაღები, თუმცა, როცა ამის ინსტიტუციონალიზაცია მოხდება, ჩვენ მოსჯილი გვექნება ერთმანეთთან საუბარი. ერთად ვისხდებით და საკითხებს განვიხილავთ“, – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“​ ხუნძაკიშვილმა.