ნიკოლოზ გაგუა – მცირე მთავრობის კონცეფცია ითვალისწინებს არა მხოლოდ სიმცირეს, არამედ მოქნილობას, ოპერატიულობას და ეფექტიანობას
მცირე მთავრობის კონცეფცია წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი საყრდენია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
მისი განმარტებით, მცირე მთავრობის კონცეფცია ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში გაწერილია.
„ჩვენ წარმოვადგინეთ ე.წ. რაოდენობრივი მაჩვენებლები, მათ შორის, ხელფასის დონე, ხელფასის ჯამური მოცულობა სამთავრობო სექტორის მოცულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3,9%-ის მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ეს არის ჩვენი გეგმა შემდგომი წლის ბიუჯეტისთვის და ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში იქნება ყველაზე დაბალი. ეს ერთ-ერთი ციფრობრივი ინდიკატორია მცირე მთავრობის“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
ამასთან, მისი თქმით, სამთავრობო პროგრამაში გაწერილია ნაბიჯები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მცირე მთავრობის იდეა.
„ეს კონცეფცია ითვალისწინებს არა მხოლოდ სიმცირეს, არამედ მოქნილობას, ოპერატიულობას და ეფექტიანობას“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.