ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგი უგო უმბერი დაამარცხა და მეცის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

პირველმა ორმა სეტმა აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ჩოგბურთელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ საკუთარ მოწოდებაზე. მაგალითად, ბასილაშვილმა პირველ მოწოდებაზე მხოლოდ სამი ქულა დათმო, უმბერმა კი პირველი და მეორე მოწოდებებით ქულების 70-70 პროცენტი აიღო.

მიუხედავად ამისა, მეტოქეებს თითო ჩავარდნა მაინც ჰქონდათ. ჯერ ბასილაშვილმა შეასრულა ბრეიკი და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და იქვე თავად წააგო საკუთარი გეიმი.

სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც უმბერმა უშეცდომოდ ჩაატარა – არც ერთი ქულა არ დათმო თავის მოწოდებაზე და სამი მინი-ბრეიკი შეასრულა.

მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი ბასილაშვილმა შეასრულა და ისევ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა – უმბერმა პარტიაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და შეძლო მისი გამოყენება.

ამჯერადაც, სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა. 1:2-ზე ბასილაშვილმა ზედიზედ ოთხი ქულა მოიგო, 5:2 დაწინაურდა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, სადაც ერთადერთი ბრეიკი ბასილაშვილმა მეექვსე გეიმში შეასრულა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა – 2 საათი და 12 წუთიანი ბრძოლის შემდეგ – 6:7(2), 7:6(4), 6:3.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი პირველ ნომრად განთესილ იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება, რომელიც, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ღია პირველობაზე ნახევარფინალამდე მივიდა.