ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში ATP500-ის კატეგორიის ტურნირზე მეორე ბარიერიც წარმატებით გაიარა და მეოთხედფინალში გავიდა.

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა მერვედფინალში რევანში აუღო არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს როლან გაროსის პირველ წრეში დამარცხებისთვის – 6:4, 3:6, 6:3. შეხვედრა საათი და 50 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტის პირველ ნახევარში ლონდერო უკეთ გამოიყურებოდა – ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, საკუთარ გეიმებს კი, იოლად იღებდა. გადამწყვეტი მომენტი მეშვიდე გეიმში დადგა, როცა ბასილაშვილმა მესამე ცდაზე გამოიყენა ბრეიკ-პოინტი და წინ გავიდა. ამის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა იოლად შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და სეტებში წინ გასვლა.

მეორე სეტი ძალიან ჰგავდა პირველს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თავიდან ბასილაშვილს ჰქონდა უპირატესობა და ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ლონდერომ კი, პარტიაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მერვე გეიმში გამოიყენა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.

ყველაფერი მესამე სეტს უნდა გადაეწყვიტა, რომელიც ბასილაშვილმა ბრწყინვალე სტილში ჩაატარა, ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს, თავად კი მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა და ეს საკმარისი აღმოჩნდა მეოთხედფინალში გასასვლელად.

განსაკუთრებით კარგად, ბასილაშვილმა პირველ მოწოდებაზე ითამაშა, რომელზეც ქულების 80 პროცენტი მოიგო. ქართველმა ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორი შანსი გამოიყენა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე იქნება ფრანგი ჟერემი შარდი, რომელმაც წინა ორ ეტაპზე თანამემამულეები დაამარცხა – პირველ რაუნდში მეხუთე ნომრად განთესილი ბენუა პერი, მეორეში – რიშარ გასკე.

ბასილაშვილი და შარდი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორივეჯერ ფრანგმა მოიგო: 2017 წელს, ამერიკულ „ჩელენჯერში“ ჰარდზე – 6:2, 6:1, 2018 წელს, სტამბოლის გრუნტზე – 7:5, 6:3.