ნიკოლას მადურო - დონალდ ტრამპის გამოსვლა ნაცისტურ სტილში იყო
ნიკოლას მადურო - დონალდ ტრამპის გამოსვლა ნაცისტურ სტილში იყო

ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ნაცისტურ სტილში იყო. მისივე თქმით, დონალდ ტრამპი ისე საუბრობდა, თითქოს ვენესუელას ბატონ-პატრონი იყო.

აღნიშნული განცხადება მადურომ მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროს ერთგულ სამხედროებს მოუწოდა, ქვეყანაში ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ხელი არ შეუშალონ.

ტრამპის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

„დონალდ ტრამპი ისევ აძლევს ბრძანებებს ვენესუელას ეროვნულ არმიას. ვინ არის ვენესუელას არმიის მეთაური, დონალდ ტრამპი მაიამიდან? დონალდ ტრამპს სჯერა, რომ მას აქვს ძალაუფლება და ვენესუელელი სამხედროები დაემორჩილებიან. ტრამპმა დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავისუფალი ხალხის უფლება, აირჩიოს სასურველი იდეოლოგია. ეს ნაცისტური სტილის გამოსვლა იყო. დონალდ ტრამპს იდეოლოგიისა და პოლიტიკური მრავალფეროვნების აკრძალვა სურს“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.

შეგახსენებთ, აშშ-მა ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარება სამხედრო თვითმფრინავებით გაგზავნა, თუმცა ავიალაინერები კოლუმბიაში დაეშვნენ. როგორც ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო აცხადებს, ჰუმანიტარულ ტვირთს ვენესუელაში მოხალისეები, 23 თებერვალს, ჩაიტანენ.