ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ კარიბის ზღვაში საზღვაო ძალების განთავსებით აშშ ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას ცდილობს
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ კარიბის ზღვაში საზღვაო ძალების განთავსებით აშშ ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას ცდილობს. ამის შესახებ მადურომ კარაკასში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ისინი ისწრაფიან რეჟიმის ცვლილებისკენ სამხედრო მუქარის გზით. ვენესუელა ჩვენს კონტინენტზე ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა“, – განაცხადა მადურომ.
როგორც ვენესუელის ლიდერმა განაცხადა, მისი ქვეყანა მშვიდობიანია, თუმცა მუქარის წინაშე ქედს არ მოიხრის. მადუროს თქმით, ვენესუელის შეიარაღებული ძალები უმაღლეს დონეზეა მომზადებული.
აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობა ბოლო კვირებში გამწვავდა კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო გემების გაგზავნის ფონზე, რასაც ამერიკელი მაღალჩინოსნები ლათინური ამერიკიდან ნარკოკარტელებისგან მომდინარე საფრთხით ხსნიან.