ნიკოლა სარკოზი - რუსეთი ევროპის მეზობელია და, გაუგებრობების მიუხედავად, ევროპასა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ
ნიკოლა სარკოზი - რუსეთი ევროპის მეზობელია და, გაუგებრობების მიუხედავად, ევროპასა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად ერთადერთი გზა დიპლომატიაზე გადის.

ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში სარკოზი აცხადებს, რომ ევროპას სჭირდება უფრო მკაფიო სტრატეგია და კომპრომისი რუსეთთან, ვიდრე „უცნაური იდეა“, რომელიც გულისმხობს ომში ჩართვის გარეშე მის დაფინანსებას.

„კომპრომისის გარეშე არაფერი იქნება შესაძლებელი და ჩვენ ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ნებისმიერ მომენტში აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, რომელსაც, შესაძლოა, საშინელი შედეგები მოჰყვეს“, – ამბობს სარკოზი.

სარკოზი გმობს ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს და მას სერიოზულ შეცდომას უწოდებს, თუმცა ამავე დროს ამტკიცებს, რომ რუსეთი ევროპის მეზობელია და, გაუგებრობების მიუხედავად, ევროპასა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ.

სარკოზის თქმით, მისთვის მიუღებელია საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის მიდგომა უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ. საფრანგეთის ყოფილი ლიდერი მიიჩნევს, რომ „თავდაპირველად მაკრონის ინტუიცია სწორი მიმართულებით მიდიოდა, მაგრამ აღმოსავლეთევროპელი პარტნიორების ზეწოლით ეს შეიცვალა“.

„ფიგაროსთან“ ინტერვიუში სარკოზიმ ასევე უარყო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების იდეა და ის თურქეთის ბლოკში გაწევრიანების უშედეგო მცდელობას შეადარა.

„ჩვენ ცრუ იმედებს ვყიდით, რომლებიც არ შესრულდება“, – განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.