საკალათბურთო „ბარსელონამ“ გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ მონტენეგროელი წარმოშობის ესპანელ ფორვარდ ნიკოლა მიროტიჩთან. 28 წლის კალათბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ბოლო ხუთი სეზონი მიროტიჩმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გაატარა – „ჩიკაგოში“, „ნიუ ორლეანსა“ და „მილუოკიში“. ოკეანის გაღმა მან ჯამში 359 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 12.0 ქულა დააგროვა.
2008-2014 წლებში მიროტიჩი მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.